ექვთიმე თაყაიშვილი

 

ექვთიმე  თაყაიშვილი

 საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი! ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე,  ბევრმა არ იცის, რომ ეს  ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. 


დაიბადა იგი 1863 წლის 3 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, აზნაურის ოჯახში. მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია“. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად “გამოჩენა” ერცხვინებოდათ… ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო.  ჯერ კიდევ სულ პატარას დაეღუპა მშობლები, თუმცა იმდენად ნიჭიერი იყო, რომ  1883 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსტიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც  1887 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. როგორც თვითონ წერს: „მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი...“.  

1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

„საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე - ექვთიმე თაყაიშვილი“

1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“.   

ამ პერიოდისთვის კი ექვთიმე თაყაიშვილმა 1895 წელს შეირთო   თბილის  ივანე  პოლტორაცკის ასული ნინო. პოლტარცკები პოლონელები იყვნენ. მეფის რუსეთის დროს გრაფი პოლტარიცკი გამოზავნეს პეტერბურგში , ამიტომ   მისი ოჯახი პეტერბუგგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული დეკარისტულ მოძრაიბაში.  რის გამოც გრაფის ოჯახში კავკასიაში გადმოასახლეს.,  კერძოდ ქუთაისი გუბერნიაში. მოგვიანებით ცოლად შეირთო  ზედგენიძის ასული, რომლისგანაც ორი ვაჟიშვილი შეეძინა. ორივე შვილი მიბარებული ჰყავდა თბილისის სათავად-აზნაურო გიმნაზიაში, სადაც  საფუძველი ჩაეყარა ივანე პოლტარიცკის და ილია ჭავჭავაძის მეგობრობას. პოლონელი   გრაფის შვილი კარგად ფლობდა ქართულს , ცნობილია მისი  თარგმანები  ქართულიდან რუსულ ენაზე კერძოდ  შოთა რუსთაველი  „ ვეფხისტყაოსანი“,   ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი“ და ა.შ

გარდა ამ ყველაფრისა, საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა.1920 წლის მაისში კი თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის კარის გარიგება“ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს „აბდულმესიანის“, „თამარიანისს“, „ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზ I თხზულებათა,თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული. 1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.

ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს. 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას, ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს. 

პროფესორი მიხაკო წერეთელი წერდა:

„ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო „მოხალისე“, „მოყვარული“, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს.“

ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში. 

ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ:


„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოავსწარი . . . . არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სერნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! - ექვთიმე თაყაიშვილი“


დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა მიატოვა.


1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.   

საფრანგეთში  ქართველ ემიგრანტთა  შორის ცხოვრობდა ერთი ხანშიოშესული კაცი, სათნო მეუღლესთან ერთად. ეს ოჯახი ყველაზე შეძლებული და ამავ დროს ყველაზე ღარიბი იყო მთელს საფრანგეთში. ოჯახის უფროსი ფასდაუდბელ განძს ფლობდა. განძი  ღვითშობლის წილხვედრ ქვეყანას და მის ხალხს ეკუთვნოდა. უჭირდა  ოჯახის უფროსს განძის შენახვა, მაგრამ უფრო მეტად უჭირდა  განძის შევსება თავისი  ხალხის  კუთვნილი  ახალადაღმოჩენილი ნივთებით. მას დაწყევლილი ყავდა ყველა ქრთველი, რომელიც სამშობლოს ისტორიულ ნივთს  დაუკარგავვდა, გამოცხადებული ჰქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ მასთან უნდა მიეტანათ, და თუ იგი ვერ  შეძლებდა მის ყიდვას მხოლოდ მერე შეძლო მისი გაყიდვა,. განძის მცველი ძლივს აკოწიწებდა  საჭირო თანხას. მხოლოდ ერთხელ  მიმართა ქართველ ემიგრაციას, დახმარებოდნენ ამ საშვილიშვილო საქმეში და მოეხადათ თავისი ვალი  სამშობლოსა და ერის წინაშე.

საფრთხე კი მრავალი იყო: ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს. ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა.

ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ. ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება რეალობად ქცეულიყო. საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გადმოგზავნეს მცველების თანხლებით.

თბილისში, აეროპორტში ქართული საზოგადოება ელოდებოდა. ექვთიმეს კი თვითმფრინავიდან ჩასვლა არ უნდოდა, როცა მიზეზი ჰკითხეს მორიდებულად უპასუხა, “ძალიან შელანძღული და დახეული პიჯაკი და ფეხსაცმელი მაცვია და მერიდებაო..”- არადა, ევროპაში მასთან ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და სხვა უამრავი შედევრი, თუნდაც ერთი მათგანი რომ გაეყიდა ფუფუნებაში იცხოვრებდა…

სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა – გაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა.

აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსთვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა ვაკის სასაფლაომდე. 

დიახ, ,,არაფერი არ უნდა დაგვეკარგოსო”!– ეს იყო დევიზი დიდი ქართველი მამულიშვილისა და უკეთესს რარას შევძენთ ერსა და ქვეყანას. თუ ამ დევიზს, შეუდრეკელი ერისკაცი მუხლჩაუხრელად მისდევდა, ჩვენ ყველანი მისი შთამომავლები ვალდებული ვართ, ჩვენივე მიწაზე დავიცვათ და გადავარჩინოთ ნაწამებ–ნაოფლარი ერის კუთვნილება. 


დაბადებიდან 100 წლის თავზე ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას სახელად „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“ უწოდა. 2003 წლის მაისში კი თბილისში წმინდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.

  

Make a Free Website with Yola.